რუსეთი

"სიკეთე გაიმარჯვებს" – რუსეთში 2 ადამიანს წარწერისთვის 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Объединённая пресс-служба судов Санкт-Петербурга

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ორ მოქალაქეს კედელზე სამშვიდობო წარწერის გამო 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. ქალაქის სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, ოლგა ალექსეევმა და არტიომ გულევიჩმა კედელზე სიტყვები "სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე!", ხოლო ნაგვის ურნაზე - "არა ომს" (No War) დაწერეს.

პრესსამსახურის ცნობით, ალექსეევმა და გულევიჩმა ბრალი სრულად აღიარეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. აქტციების პარალელურად გამკაცრდა სამართალდამცველების მხრიდან პროტესტის აღკვეთა. 6 მარტს გამართულ აქციებზე რუსეთის 64 ქალაქში 4 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები