რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კომპანია ADIDAS-მა რუსეთის ბაზარი დატოვა

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, გერმანული კომპანია Adidas რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს. ბრენდი რუსეთის ბაზარს მიმდინარე კვირის ბოლომდე დატოვებს. ადიდასი შეაჩერებს გაყიდვებს როგორც ინტერნეტის საშუალებით, აგრეთვე უშუალოდ მაღაზიებშიც, რომლებიც რუსეთში მდებარეობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია დასაქმებულ თანამშრომლებს კუთვნილ ანაზღაურებას მაინც გადაუხდის.

აგრეთვე, ადიდასი მილიონ ევროს გადაურიცხავს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინიდან გაქცეულ ოჯახებს მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით, ნაღდი ფულითა და თბილი ტანსაცმლით ეხმარებიან. ასევე, ადიდასმა საკუთარი პროდუქცია გადასცა ორგანიზაცია Global Aid Network-საც, რომელიც უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს საჭიროებების მიხედვით მოხმარდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები