რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესია, მტერს სიურპრიზი ელის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის  ოლექსი რეზნიკოვის ცნობით, შესამჩნევი პროგრესია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, რომელიც რუსებისთვის სიურპრიზი იქნება.  მისივე თქმით, რუსული მხარის დიდი დანაკარგების გამო ბრძოლების ინტენსივობა შემცირებულია, თუმცა რუსეთი ახალი თავდასხმითი ტალღისთვის ძალების მობილიზებას ცდილობს. საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვან სამიზნეებად რჩება კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და ნიკოლაევი.

"ვიყენებთ ყოველ წუთს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი დაცვა. ყველა ძალისხმევა ჩვენი დამცველების საჭიროებების უზრუნველყოფაზეა მიმართული.

კომენტარს არ გავაკეთებ იარაღზე და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე - დელიკატური საკითხია, იყოს სიურპრიზად მოწინააღმდეგისთვის. ეს იცოდეთ, არის მნიშვნელოვანი პროგრესი." - წერს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინამ 50 000 ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი მიიღო.

"ჩვენი სამხედროები რუსი დამპყრობლების განადგურებისას ყველა მიმართულებით ავლენენ მაღალ ოსტატობას. ნიკოლაევის ოლქში ჩვენი არტილერიის მოქმედებები სახელმძღვანელოში ჩაიწერება." - წერს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა მუშაობს საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარების მიღებაზე. რეზნიკოვის ცნობით, ჯერჯერობით უპირატესობა აქვს ზღვაზე და ჰაერში, თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მალე ოკუპანტები რუსეთის ტერიტორიაზე დამალვას დაიწყებენ, რათა საომრად არ გაგზავნონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები