რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: რუსეთს უკრაინაში სირიელი მებრძოლების გაგზავნა სურს

ხარკოვის ცენტრალური, თავისუფლების მოედანი. პირველი მარტი, 2022
AP Photo/Pavel Dorogoy

გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთს უკრაინაში ურბანულ ბრძოლაში გამოცდილი სირიელი მებრძოლების გაგზავნა სურს. ინფორმაციას გამოცემა აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ წერს, რომ ამერიკული მხარის შეფასებით, ბოლო დღეებია მოსკოვი სირიაში ურბანულ ბრძოლაში გამოცდილი მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობს, რათა ისინი უკრაინაში კიევის, ქალაქების აღებაში ჩართოს. უცნობია, რამდენი მებრძოლია მობილიზებული, მაგრამ გამოცემა აღნიშნავს, რომ მათი წყაროს ცნობით, მებრძოლების ნაწილი უკვე რუსეთშია და კონფლიქტში ჩართვისთვის ემზადება.

გამოცემა Deir Ezzor-ის ცნობით, რუსეთი მოხალისეებს 200-300 დოლარს სთავაზობს, უკრაინაში 6 თვით "დაცვის თანამშრომლად" მუშაობისთვის.

BBC-ი წერს, რომ არაბული მედიის თანახმად, არსებობს სირიელების ნაწილი, რომელსაც უკრაინის მხარეს ბრძოლა და უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის წევრობა სურს. ამ ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთში არსებული ორგანიზაცია სირიელები სიმართლისა და სამართლიანობისთვის (STJ).

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები