რუსეთ-საქართველო

სანტე: რუსეთში ექსპორტს არ ვგეგმავთ, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ

"არ ვგეგმავთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს" - სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხმაურება.

"კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია. ამ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.

პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით" - აცხადებს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

"როსსელხორნადზორმა დააინიცირა მესამე ქვეყნების იმ საწარმოების ჩართვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეესტრში, რომლებსაც აქვთ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავის პროდუქციის შეტანის უფლება. ერთი საწარმო აზერბაიჯანიდან და ასევე 15 საწარმო საქართველოდან" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

"2020 წლიდან  მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში." – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები