რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ პოლონეთთან ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს

პოლონეთის MIG-29
Getty Images

აშშ პოლონეთთან ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს. ასევე საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა პარტნიორებთან. ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა.

კონსულტაციების ფარგლებში განიხილება, რით შეუძლია აშშ-ს პოლონეთის მხარდაჭერა, თუ პოლონეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას გადაწყვეტს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ავიაგამანადგურებლების უკრაინაში გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, მოსაგვარებელია ბევრი ლოგისტიკური საკითხი, მათ შორის, როგორ მოხდება პოლონეთიდან უკრაინაში თვითმფრინავების გადაცემა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ორმა ამერიკელმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ ზელენსკის თქმით, პოლონეთი მზადაა უკრაინას მიგ-ის გამანადგურებლები გადასცეს და აშშ-ს ნებართვას ელოდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები