რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს

ფინეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები
Roni Rekomaa/Lehtikuva/via REUTERS

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ საერთო კონფერენციაზე ისაუბრა ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრებმა - სანა მარინიმ და მაგდალენა ანდერსონმა. 

"რუსეთის ომი სუვერენული ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ". - აღნიშნა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები არ არიან. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქვენაში მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. 

ფინეთმა პირველ მარტს გადაწყვიტა, რომ უკრაინას 2500 შაშხანით, 1500 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით, 150 000 ვაზნითა და საკვების 70 000 პაკეტით დაეხმარება. აღნიშნული ფინეთის საგარეო პოლიტიკაში ხისტი ცვლილებაა, რადგან აქამდე, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, სხვა ქვეყნების მიმართ განყენებული პოზიციის დაჭერას ცდილობდა. 

ამასთანავე, 2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები