რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: რუსეთი უკრაინაში კიდევ 1 000 დაქირავებულის გაგზავნას აპირებს

პრორუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში

რუსეთი აპირებს, უახლოეს დღეებსა და კვირებში უკრაინაში კიდევ 1 000 დაქირავებული გაგზავნოს - ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე, დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთი ქალაქებს დაბომბავს, რამაც, შესაძლოა, მრავალი მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლოს.  

წყაროს ინფორმაციით, აშშ-სთვის უკვე არსებობს "გარვეული ნიშნები", რომ დაქირავებულები, შესაძლოა, ჩართული იყვნენ "გარკვეულ ადგილებში" კიევში შეჭრაში, თუმცა გაურკვეველია, სად ან რა რაოდენობით. 

მისივე ცნობით, 1 000 პირი ოკუპანტთა იმ დანაყოფებს გაამაგრებს, რომლებიც, ტექნიკური თუ სხვა პრობლემების გამო შეჩერდნენ. როგორც მან CNN-ს უთხრა, აშშ მიიჩნევს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში "ცუდად იმუშავეს, რადგან უკრაინელების მოსალოდნელზე უფრო მკაცრ წინააღმდეგობას" წააწყდნენ. აშშ მოელის, რომ რუსეთი საკუთარ ძალებს გააძლიერებს, წყაროს თქმითვე, ოკუპანტებმა, შესალოა, ქალაქები "დამორჩილების მიზნით" დაბომბონ, რაც, მისივე სიტყვებით, ძალიან უხეში მიდგომაა.  

სხვა ოფიციალურმა პირებმა შენიშნეს, რომ რუსული სტრატეგია შეიცვალა - სამიზნე სამხედროების ნაცვლად მშვიდობიანი მოქალაქეები გახდა. რუსეთი მეტ თავდასხმას აწყობს ადგილებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. 

"მომავალი დღეები, მოსალოდნელია, რომ უარესი იქნება. იქნება მეტი სიკვდილი, ტანჯვა, მეტი ნგრევა, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეაქვთ მეტი იარაღი და განაგრძობენ თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები