რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2022 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2022 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ, რომელიც 4-13 მარტს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

"სპორტსმენების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია, ოლიმპიურ სოფელში კი სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. წევრების დიდი რაოდენობა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ თუ ჩვენ რუსეთსა და ბელარუსს თამაშებში მონაწილეობას არ ავუკრძალავდით, ამას სერიოზული შედეგები მოყვებოდა. ჩვენ კი გვაქვს მისია, რომ ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩავატაროთ. სწორედ ამიტომ, ყველა მხარის უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციებს ამ პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ავუკრძალოთ. ძალიან ვწუხვართ, რომ მათი მთავრობების გადაწყვეტილებებმა უშუალოდ სპორტსმენებზე იქონია გავლენა. თქვენ თქვენივე მთავრობების მსხვერპლი ხართ. იმედია, სიტუაცია მალე დაუბრუნდება ძველებურ მდგომარეობას". - წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები