რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი 4 მარტს საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს – უკრაინის დაზვერვა

ალექსეი დანილოვი

უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაცია აპირებს, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.

"ჩვენი დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციას აქვს სურვილი, 4 მარტს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. მინდა, ვნახო რა რეაქცია ექნება ამაზე მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებს, სადაც მეტი ინტელიგენციაა, ვისაც ესმის, რა ხდება რუსეთში". - წერს დანილოვი. 

მისი თქმით, თუ "პუტინს არ ყოფნის საზარბაზნე ხორცი, მან შეიძლება ბავშვები გაიწვიოს და გამოგზავნოს აქ, ჩვენს საყასბოში".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები