ინფლაცია

ბოსტნეული 34%-ით, პური 20.8%-ით, ელექტროენერგია/გაზი 68%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 13.7%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 13.7% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 34%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 23.4% 
  • პური და პურპროდუქტები + 20.8%
  • თევზეული + 18.2 %
  • ზეთი და ცხიმი + 17.4%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.6%
  • ხილი და ყურძენი + 15.5%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 14.4% 
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11% 
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 10.4%

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27%-ით პუნქტით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5 პროცენტით, რაც 1.88%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19.6%). 

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8%-იანი მატება, რაც 3.72%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5%).

კომენტარები