UNIAN-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები კიევში წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარზე ავიათავდასხმისთვის ემზადებიან. გამოცემა ინფორმაციას უკრაინის ბერძნულ-რომაული წესის კათოლიკეთა მთავარეპისკოპოსის შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები ამზადებენ საჰაერო თავდასხმას უკრაინელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავზე – სოფიას საკათედრო ტაძარზე კიევში. უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მიმართავს ყველა ქრისტიანს, ილოცონ სალოცავისთვის და მოუწოდებს აგრესორს, თავი შეიკავოს ამ საშინელი ვანდალიზმისგან". – ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





