კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრი: პრემიერს არ უთქვამს, რომ ბუსტერ-დოზა არ მუშაობს

საქართველოს მთავრობა / Facebook

"დავაზუსტებ, პრემიერს ის, რომ ბუსტერ-დოზა არ მუშაობს, არ უთქვამს" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, ეთანხმება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ბუსტერ-დოზა არ მუშაობს მაშინ, როცა სახელმწიფო ას ლარს უხდის 50 წელს ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრის შემთხვევაში.

"პრემიერმა თქვა, რომ ორჯერ აცრილი იყო თვითონ, მაგრამ შეხვდა ომიკრონი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აცრილი იყო, გადაიტანა მსუბუქად. მაღალრისკიან ჯგუფებში, სადაც ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ ბუსტერ დოზის ვაქცინასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მოქმედებს და ნამდვილად შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ ისინი, ვინც მაღალი რისკის ჯგუფშია და ბუსტერ-დოზით არიან ვაქცინირებულები" - აღნიშნა აზარაშვილმა.

თუმცა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ რაღაც ხუთი დღის წინ, 23 თებერვალს თქვა რუსთავი ორის ეთერში, რომ ბუსტერ-დოზას ომიკრონის შემთხვევაში აზრი არ აქვს. 

"მე ბუსტერი არ მაქვს [გაკეთებული], აზრი არ აქვს" - განაცხადა პრემიერმა რუსთავი ორის ეთერში და იქვე "კიდევ ერთი მინისტრი" მოიყვანა მაგალითად, "რომელიც ოთხჯერ იყო აცრილი და მაინც დაემართა ომიკრონი". 

NCDC-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყებიდან) 31 დეკემბრამდე მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია სრულად აცრილ პირებთან შედარებით.

NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა - მხოლოდ 0.19%. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონის ტალღის შესამცირებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ასევე, NCDC-ის ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია და 75% ეფექტურობა აქვს. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს.

"შემდგომ 5%-ით ქვეითდება" - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

კომენტარები