უკრაინაში პატიმრებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ, საომრად გაათავისუფლებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციისას ისაუბრა.
როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN-ი წერს, პატიმრობიდან გათავისუფლებულებს დანაშაულის გამოსყიდვა ყველაზე ცხელ წერტილებში შეეძლებათ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ოკუპანტებთან ბრძოლა შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





