უკრიანელმა სამხედროებმა ბელარუსის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით გასროლილი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რაკეტის TU-22-ს ტიპის თვითმფრინავიდან გაისროლეს.
"რამდენიმე წუთის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ფრთოსანი რაკეტა, რომელიც უკრაინის დედაქალაქზე ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან TU-22 თვითმფრინავით იყო გასროლილი. ეს არის ბელარუსის და რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.
ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში იხმობს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. პესკოვის თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტები არ მოფრინავს უკრაინის ტერიტორიაზე.
ბოლო მონაცემებით, ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





