რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოროშენკო: ნუ დაუჯერებთ პუტინს, ნუ შეგეშინდებათ მისი

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ თქვა, რომ მსოფლიო არ უნდა ენდოს ინფორმაციას, რომელსაც უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ოფისი ავრცელებს. 

"მივმართავ მსოფლიოს ერთი მარტივი თხოვნით: ნუ დაუჯერებთ პუტინს და, მეორე, ნუ შეგეშინდებათ მისი". - თქვა პოროშენკომ CNN-თან ინტერვიუში. 

პოროშენკომ ასევე თქვა, რომ მზადაა, საკუთარი ქვეყნისთვის თავი გასწიროს. 

"მძულს იდეა, რომ ჩემი ქვეყანა შეიძლება, იყოს ოკუპირებული და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ქვეყანა, დავიცვათ რუსი აგრესორისგან". - თქვა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები