ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, სავალუტო რყევების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა დროებითი რეგულაციები მიიღო და საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის დღიური ლიმიტი 100 000 გრივნით განისაზღვრა, რაც, დაახლოებით, 10 000 ლარის ეკვივალენტია.
დროებით დაწესდა შეზღუდვები ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტაში გადაცვლის პროცესზეც, თუმცა საბანკო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საბანკო სისტემას გააჩნია საჭირო მოცულობის რეზერვები და ის მუშაობს გამართულად. ეროვნულ ბანკს კი აქვს ყველანაირი ფინანსური რესურსი, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა საჭიროებები. შესაბამისად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების პირობებში, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეებს ეზღუდებათ გარკვეული უფლებები, მთავრობას კი დროებით დამატებითი შესაძლებლობები ენიჭება.
გარდა ფინანსურ ბაზარზე შეზღუდვების დაწესებისა, მთავრობას, ასევე, უფლება აქვს:
- შეზღუდოს მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების უფლება;
- გადაასახლოს მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რეგიონებიდან;
- ქვეყნის მასშტაბით შემოღებულ იქნეს შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
- აიკრძალოს მოქალაქეთა თავშეყრა, მიტინგები, აქციები, მსვლელობები და დემონსტრაციები;
- დროებით შეიცვალოს ადგილობრივი საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემები;
- შეიტანოს ცვლილებები საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოების გეგმებსა და დანიშნულებაში;
- დაწესდეს სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;
- შემოღებულ იქნეს კარანტინი, კომენდანტის საათი და სხვა სახის სავალდებულო-შემზღუდავი ღონისძიებები;
- არ დაუშვან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ პირთა შეიარაღებული ფორმირება და გაერთიანება.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.





