რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რიში პუტინზე: სასოწარკვეთილი კაცის ქცევაა, მისი ერთადერთი მიზანი თავის ძლიერად წარმოჩენაა

AP News

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, ჯეიმს რიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში სენატორი აღნიშნავს, რომ არავის უნდა უკვირდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქმედებები, ვინაიდან ის ყოველთვის ასე იქცეოდა, რის მაგალითადაც ჯეიმს რიშს მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაც მოჰყავს. 

"უკრაინაში რუსეთის დღევანდელი შეჭრა წინასწარ დაგეგმილი და შემზარავი ომის აქტია. მიუხედავად მცდელობებისა, გვეპოვნა დიპლომატიური გამოსავალი, პუტინმა სუვერენული ქვეყნის საზღვარი გადალახა. არავის უნდა უკვირდეს. პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას იმისთვის, რომ მიეღო ის, რაც სურს, საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან დაწყებული, 2014 წელს უკრაინაში შეჭრითა და ბელარუსის სამხედრო ოკუპაციით დასრულებული. ეს არ არის ამაყი ერისა და ხალხის ქცევა, არამედ ესაა სასოწარკვეთილი კაცის ქცევა, რომლის ერთადერთი მიზანიც ქაოსის შექმნაა, რათა თავი ძლიერად წარმოაჩინოს. 

უკრაინელი ხალხი მომზადებულია შეიარაღებისა და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვისთვის და მათ უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები და თავისუფლების მოყვარული ადამიანები მსოფლიოს ირგვლივ მათ გვერდით დგანან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს. 

პუტინმა უნდა გააცნობიეროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი პოზიციები დათმოს ორ ქვეყანას შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ შეჭრის შედეგები მტკივნეული და ბასრი იქნება. ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება პუტინის მიერ გზის შეცვლა იქნება – დაუყონებლივ". – წერს რესპუბლიკელი სენატორი. 


24 თებერვლის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც

კომენტარები