დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

CNN: აშშ-მ უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთი მყისიერად წამოიწყებს სრულმასშტაბიან თავდასხმას

რუსეთის სამხედრო მობილიზება ოკუპირებულ ყირიმში
2022 Maxar Technologies/Handout via REUTERS

CNN უკრაინელ, ამერიკელ და დასავლელ ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ უკრაინა გააფრთხილა, რომ უკანასკნელი სადაზვერვო მონაცემები მიანიშნებს, რომ რუსეთი მყისიერად წამოიწყებს სრულმასშტაბიან თავდასხმას და ამ დროისთვის რუსი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინისკენ მიემართებიან. 

ამასთან, ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადყოფნის პიკზეა". 

მორისონი, რომელსაც აქვს წვდომა სხვა ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციაზეც, ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში, დიდი ალბათობით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიჭრება. 

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტმა ხელმძღვანელებმა ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართეს

"ორი რესპუბლიკის ხელმძღვანელი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რომ არ დაუშვან მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტს, გაუწიონ დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ფორმირებების მოსაგერიებლად". – თქვა პესკოვმა. 


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებერვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები