დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი: უკრაინაში შეჭრა დაწყებულია

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ნათელია, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმას ცდილობს, მისი განმარტებით, შეჭრა უკვე დაწყებულია. 

"ჩვენ გავიღვიძეთ ევროპის ძალიან ბნელ დღეს და ცხადია, რაც უკვე ვნახეთ და დღეს გავარკვიეთ, რომ რუსებმა, პრეზიდენტმა პუტინმა, გადაწყვიტა შეტევა უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე". - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი. 

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა და უკრაინაიში ტანკები გაგზავნა, "უკრაინაში შეჭრა დაიწყო". 

"ჩვენ ვნახეთ, რომ მან აღიარა სეპარატისტული აღმოსავლეთ რეგიონები უკრაინაში და მოხსენებების თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გაგზავნა ტანკები და ჯარები. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ უკრაინაში შეჭრა დაიწყო". - თქვა მინისტრმა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინასთან დაკავშირებულად განცხადებას დღეს გაავრცელებს. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები