დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ნარიშკინს ეგონა, რომ არა ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას, არამედ შეერთებას განიხილავდნენ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის, დამოუკიდებლობის აღიარებას განიხილავდნენ, პუტინსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი შედგა.

პუტინმა რამდენჯერმე სცადა ნარიშკინის პირდაპირი პასუხის მიღება, რაც ამ უკანასკნელს რამდენჯერმე არ გამოუვიდა, საბოლოოდ კი თქვა, რომ მხარს უჭერდა დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას.

"ამას არ განვიხილავთ", - უპასუხა ნარიშკინს პუტინმა.

პუტინი: რას ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვთავაზობთ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას?

ნარიშკინი: არა, მე...

პუტინი: თუ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა

ნარიშკინი: მე…

პუტინი: პირდაპირ თქვით

ნარიშკინი: მე მხარს დავუჭერ აღიარების შესახებ…

პუტინი: მხარს დაუჭერთ თუ მხარს უჭერთ, პირდაპირ თქვით, კი თუ არა

ნარიშკინი: მხარს ვუჭერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების შემოსვლას რუსეთის ფედერაციაში

პუტინი: ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის აღიარებაზე

ნარიშკინი: მე მხარს ვუჭერ წინადადებას დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

პუტინი: მადლობა, დაჯექით

დღეს, 21 თებერვალს სეპარატისტების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს

დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს. 

რუსეთის დუმის გამოთქმულ მხარდაჭერამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით ყოფნას ითვალისწინებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები