დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

CBS: ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს

CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსმა გენერლებმა მიიღეს უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება და ისინი ახლა ადგენენ თავდასხმის კონკრეტულ გეგმებს. 

CBS News-ის ეთერში ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტის, დევიდ მარტინის თქმით, დაზვერვის ინფორმაცია ადგენს, რომ "ისინი (რუსები) აკეთებენ ყველაფერს, რასაც იზამდნენ ამერიკელი გენერლები [შეჭრის] დაწყების ბრძანების მიღების შემდეგ".

CBS News-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც, ენტონი ბლინკენმა, რომელის თქმითაც, ოფიციალური პირების პოზიცია უცვლელია და ფიქრობენ, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმა არ გადაუფიქრია. 

"როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა წინა ღამეს თქვა, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გვეუბნება, რომ შეჭრის გადაწყვეტილება, რომელიც გვჯერა რომ პუტინმა მიიღო, წინ მიდის", – თქვა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა

კომენტარები