დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი და მაკრონი დონბასში ცეცხლის შეწყვეტაზე სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე იმუშავებენ

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი
AP

სატელეფონო საუბარში, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო საათებში იმუშავებენ უკრაინაში, დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე სამუშაო სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებაზე.

რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერების საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ზელენსკიმ საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაუყოვნებელ მოწვევას. 

პუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარში ისაუბრეს ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებაზე. ასევე, მომდევნო დღეებში, შესაძლოა, გაიმართოს შეხვედრა რუსეთსია და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა

კომენტარები