დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინამ კანადისგან სამხედრო დახმარების მორიგი ნაკადი მიიღო

pravda.com

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 თებერვალს, ქვეყანამ კანადიდან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო. 

კერძოდ, ლვოვში კანადის სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა სნაიპერის შაშხანები, ავტომატური შაშხანები, ტყვიამფრქვევები ოპტიკური სამიზნით, პისტოლეტები, ღამის ხედვის და დაკვირვების დანადგარები და სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანა

დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში 4 თებერვალს ჩავიდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ კანადიდან მხარდაჭერა არ შეჩერდება - უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ რამდენიმე მსგავსი რეისის შესრულება. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტსა და კანადის შეიარაღებულ ძალებს შორის უკრაინაში სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ ტექნიკური შეთანხმება არსებობს და სწორედ ამის საფუძველზე მიმდინარეობს სამხედრო დახმარების პროცესი. 

თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი კანადას მადლობას უხდის:

"მადლობა ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებისთვის! განსაკუთრებული მადლობა მინისტრ ანიტა ანანდს უკრაინის სტაბილურად მტკიცედ მხარდაჭერისთვის".- აცხადებს რეზნიკოვი. 

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები