დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ამერიკის საელჩო: ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

ამერიკის საელჩომ საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელის, რუსეთსა და უკრაინზე რაიან ჰარისის განცხადება გაავრცელა. ჰარისმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დასავლეთი მხარს უჭერს პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტას, თუმცა, მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება, ამერიკა მზადაა, საკუთარ მოკავშირეებთან ერთად გასცეს მტკიცე და ერთანი პასუხი. 

"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს, ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, აშშ-ს და მისი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას. ჩვენ გვირჩევნია ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და სხვა ერთნიან გადაუდებელ პრობლემებს. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.  


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 19 თებერვლის დილის 9:00 საათის მონაცემებით, დონბასელი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების 19-ჯერ დარღვევა დააფიქსირეს, მათგან 16-ში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა. 

18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში ორივე მარიონეტი ლიდერი იყენებს სიტყვას - "დღეს",  მეტამონაცემებიდან ირკვევა, რომ ვიდეო 16 თებერვალსაა ჩაწერილი.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.  

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

კომენტარები