დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: ჩრდილოეთის ნაკადი-2 გეოპოლიტიკური იარაღია

ვოლოდიმირ ზელენსკი

გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიასა და უკრაინას განსხვავებული შეხედულებები აქვთ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენთან დაკავშირებით. ზელენსკის თქმით, საჭიროა სტრატეგიული დიალოგი ენერგო სფეროში გარანტიების შემუშავებისთვის.

"დღეს ხაზი გავუსვი, რომ ჩრდილოეთ ნაკად-2-ს ჩვენთვის და რეგიონისთვის მხოლოდ ენერგეტიკული საფრთხეების და უსაფრთხოებისთვის საფრთხეების ჭრილში განვიხილავთ. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია. ამიტომ სჭირდება უკრაინას გარანტიები ენერგო სფეროში." – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრის ფონზე ხშირია საუბარი ჩრილოეთის ნაკადი-2-ის მილსადენისთვის სანქციების დაწესებაზე. იანვრის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ ამუშავდება. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი ამბობდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ევროკავშირი მილსადენის გაჩერებას განიხილავს. გერმანული მხარე მილსადენის შესაძლო გაჩერების საკითხს სიფრთხილით ეკიდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი-2 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არ უნდა გარიონ.

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

კომენტარები