ავარიული სახლები ბათუმში

"დაგვეხმარეთ მსხვერპლის თავიდან აცილებაში" – ბათუმში 1775 ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

ავარიული სახლები ბათუმში

"დაგვეხმარეთ მსხვერპლის თავიდან აცილებაში" – ბათუმში 1775 ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

"გადავრჩით, რომ რამდენიმე წელია, დიდი თოვლი არ მოსულა ბათუმში, თორემ თავზე ჩამოგვენგრეოდა ყველაფერი", - გვითხრა დემეტრე თავდადებულის N37-ის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც უკვე მრავალი წელია სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ბათუმში 1775 ოჯახი ავარიულ შენობაში ცხოვრობს. საინიციატივო ჯგუფი არ გადადო მეოთხე თვეა ამ პრობლემაზე მუშაობს, რის ფარგლებშიც ჩვენ უკვე მრავალ ოჯახს ვეწვიეთ და ვნახეთ როგორ ყოველდღიურობაში უწევთ ადამიანებს ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ წლების გასვლასთან ერთად სახლები კიდევ უფრო ავარიული ხდება, კედლებზე ბზარები მრავლდება, სახურავები ზიანდება და ყოველ შემდეგ წვიმაზე უფრო მეტი წყალი ჩადის, მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ მათი პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნოდ ინტერესდებიან, შემდეგ კი ყველაფერს ივიწყებენ.

 

დემეტრე თავდადებულის N37

დემეტრე თავდადებულის N37-ში მცხოვრებლები ბათუმის მერიისგან დიდი ხანია კორპუსის სახურავისა და კედლების რეკონსტრუქციაში დახმარებას ითხოვენ

"ჩვენს ეზოში მდებარე სახლში ძალიან ავარიული ვითარებაა. ყველა კედელი დაბზარულია, გარდა ამისა, სავალალო მდგომარეობაშია იატაკი, ყველაფერი ყანყალებს. 

საუბარია ბოლო სართულზე, ხოლო ქვევით 4 პატარა ბავშვია. ეს მესამე სართულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. შეგიძლიათ ეს მკვლელობის ტოლფასად წარმოიდგინოთ, აუცილებლად იქნება მსხვერპლი და ვინ იქნება პასუხისმგებელი ამაზე?

მაღალი ალბათობით მერია არ აიღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ სანამ მსხვერპლი არ არის, ჩვენ ვთხოვთ მერიას დაგვეხმარონ ამ უბედური სახლის რეკონსტრუქციაში. 

აქ სულ 6 ადამიანი ცხოვრობს, ვთხოვთ მერიას დაგვეხმაროს სახურავისა და კედლების რეკონსტრუქციაში, რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი. ვთხოვთ გაგვასხლონ ცოტა ხნით მაინც, ეს არ იქნება რთული, რადგან აქ არ არის დიდი ფართობი, გააკეთონ რეკონსტრუქცია და ისევ აქ შემოგვასახლონ", - გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

2021 წლის 8 დეკემბერს არ გადადომ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებლებთან ერთად ბათუმის მერიაში განცხადება შეიტანა, სადაც მოვითხოვეთ, შენობისთვის ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ ექსპერტიზის ჩატარება, რათა დამტკიცდეს მისი ავარიულობა და შემდეგ, ბათუმის მერიამ გამოყოს ხარჯები კორპუსის რეკონსტრუქციისთვის.

ჯერჯერობით ამ ადამიანებს არავინ გამოხმაურებია.


ფიროსმანის N1

ვითარება მსგავსი დაგვხვდა ფიროსმანის N1-ში მისვლისას. ამ კორპუსშიც კიბეები მორყეულია, კედლებს ხავსი აქვს მოდებული და სახურავიდან წყალი ჩამოდის. მაცხოვრებლების თქმით, ბათუმის მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, მაგრამ თვითმმართველობის ორგანო მათგან, მათივე სახსრებით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ითხოვს, ამის საშუალება კი მათ არ აქვთ.

"წინასაარჩევნოდ ქალაქის მერობის კანდიდატი და ახლა უკვე მერი არჩილ ჩიქოვანი იყო მოსული და შეგვპირდა პრობლემის მოგვარებას, თუმცა, არჩევნების შემდეგ გაქრა. არ ვიცით,  რა ვქნათ, ამდენი წელია ამ მდგომარეობაში ვართ,  დღეს და ხვალ თუ არა, ზეგ 8 ოქტომბერი ჩვენ ვიქნებით",-  გვითხრა კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრემ.

ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებმა გვითხრეს ისიც, რომ შენობის პირველ სართულზე  საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საცავი იყო, თუმცა, მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მუზეუმის თანამშრომლებს კორპუსი დაატოვებინეს და საცავმა ადგილი შეიცვალა, მიზეზი კი შენობის ავარიულობა იყო.

რურუას N1

2021 წლის 15 ნოემბერს რურუას N1-ში მდებარე კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები ადამიანების სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. Შემთხვევა შესაძლოა არ მომხდარიყო, ბათუმის მერიას რომ ყურადღება მიექცია 2018 წელს მათივე დაკვეთით მომზადებული ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნისთვის, სადაც ვკითხულობთ, რომ შენობა დაზიანებულია და მისი გამაგრება მიზანშეწონილად მიჩნეული არ არის.

16 ნოემბერს ჩვენ კორპუსის მცხოვრებლებს ვესაუბრეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ მიუხედავად მერიაში შეტანილი არაერთი დოკუმენტისა, სადაც ისინი უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებში გადაყვანას ითხოვდნენ, სანაცვლოდ მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები მიიღეს, რასაც შენობის მდგომარეობა არ შეუცვლია.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ავარიული სახლების არსებობის პრობლემა მრავალი წელია მწვავედ დგას, ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებენ ოჯახების დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ცხოვრების გარანტიების შექმნას.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტში ვკითხულობთ, რომ ქვეპროგრამისთვის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება - გამოყოფილია 5 120 900 მილიონი ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის 31,680,400 მილიონი ლარი. აღნიშნული პროგრამის მიზნად "ქალაქის საბინაო ფონდის ინფრასტრუქტურის განვითარება" წერია, ხოლო მოსალოდნელ შედეგად - "გაუმჯობესებული საბინაო ფონდის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო", თუმცა, საგულისხმოა ფაქტი, რომ ამ თანხების გადანაწილების პრინციპი ბუნდოვანია, არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი,  თუ რომელი კორპუსების შეკეთება/დემონტაჟია დაგეგმილი და რა პრიორიტეტებით  აგვარებს მერია  ავარიული შენობებთან დაკავშირებით პრობლემებს. ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია პროგრამა, ქვეპროგრამაები და ამ პროგრამაზე გამოყოფილი თანხები, კონკრეტულად როგორ იხარჯება ეს თანხა, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ამ დრომე უცნობია.

სახლების ავარიულობის პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით არქიტექტროს, ნანო ზაზანაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ აუცილებელია არსებობდეს ერთიანი მონაცემები და თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები.

"ერთიანი მონაცემების არარსებობისას რთულია განსაზღვრო საბინაო პოლიტიკა და მისი მასშტაბი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და  სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სრული სურათის დანახვა. სტატისტიკური მონაცემების გარეშე შეუძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პრობლემის მოგვარება. უნდა გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები და ის თანხა, რომელიც გამოიყოფა ავარიული შენობების გასამაგრებლად, ძალიან მწირია", - თქვა მან.

მიუხედავად არაერთი დაპირებისა და საჯარო განცხადებისა პასუხისმეგებელი პირების მხრიდან, მრავალი წელია ბათუმში მცხოვრები ადამიანები საბინაო  პრობლემები არ გვარდება. ავარიულ სახლში მცხოვრებ 1775 ოჯახს სხვაგან საცხოვრებელი არ აქვს და ისინი იძულებულები არიან დარჩნენ იმ შენობებში, რომელშიც  უსაფრთხოების  მინიმალური გარანტიაც კი არ არსებობს. Ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე ირკვევა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ზუსტი ინფორმაცია კორპუსების ავარიულობის შესახებ, თუმცა დღემდე ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.

სტატია მომზადებულია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის - თავისუფლების აკადემიის ფარგლებში.

კომენტარები