ეკონომიკა

საარსებო მინიმუმი 223.5 ლარამდე გაიზარდა – საქართველოში ცხოვრება ძვირდება

საქართველოში ცხოვრების ღირებულება ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.5 ლარი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელის იანვარში საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, ერთ წელში კი მაჩვენებელი 27.9 ლარით გაიზარდა, რაც საარსებო მინიმუმის ზრდის ტემპის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ოქტომბერში საარსებო მინიმუმმა ქვეყნის სიტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 224.2 ლარს მიაღწია, დეკემბრის თვეში კი მაჩვენებელი მხოლოდ 70 თეთრითაა შემცირებული. 

საარსებო მინიმუმის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, რაც, გარკვეულწილად, ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციის დონე ბოლო ათი წლის უმაღლეს, 13.9%-იან ნიშნულზეა. 

გაზრდილი ინფლაციის დონე ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.

2021 წელს საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით: 

  • იანვარი - 195.6 ლარი
  • თებერვალი - 197.2 ლარი
  • მარტი - 201.0 ლარი
  • აპრილი - 202.8 ლარი
  • მაისი - 205.6 ლარი
  • ივნისი - 214.5 ლარი
  • ივლისი - 218.3 ლარი
  • აგვისტო - 221.1 ლარი
  • სექტემბერი - 216.3 ლარი
  • ოქტომბერი - 224.2 ლარი
  • ნოემბერი - 223.7 ლარი
  • დეკემბერი - 223.5 ლარი

რა არის საარსებო მინიმუმი და რას ითვლის საქსტატი?

საქართველომ საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის 17 აპრილს მიიღო. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2017 წლის აგვისტოს საარსებო მინიმუმი 5-სულიანი ოჯახისთვის იყო 2 ლარით და 30 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე იანვარში. რთულია, რეალურ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა მოხდეს. იმ პირობებში, თუ საარსებო მინიმუმში მოხდებოდა მინიმალური კომუნალური სერვისების გათვალისწინება (დენი, გაზი, წყალი), რეალობისგან ასე აცდენილ სურათს არ მივიღებდით. 

საარსებო მინიმუმის კალკულაციას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან:

  • ხორბლის პური - 250 გრამი
  • სიმინდის ფქვილი - 40 გრამი
  • ლობიო - 20 გრამი
  • ბრინჯი - 10 გრამი
  • წიწიბურა - 10 გრამი
  • ძროხის ხორცი - 40 გრამი
  • მაკარონი - 15 გრამი
  • ღორის ხორცი - 20 გრამი
  • რძე - 150 მილილიტრი
  • ხაჭო -15 გრამი
  • ყველი - 20 გრამი
  • ნადუღი - 5 გრამი
  • ბადრიჯანი -10 გრამი
  • საკვების სრული სიის და კოეფიციენტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგ მიღებულ რიცხვს ყოფენ 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ასევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ, რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 56%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, ტრანსპორტში, კომუნალური მომსახურებაში, გართობაში და სხვ.). საარსებო მინიმუმის კალკულაციაში კი გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენი 30% ისევ სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი, რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა, არის ქვეყანაში სურსათის ფასები. ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა დენის და ბუნებრივი აირის ტარიფები და ტრანსპორტის ღირებულება, ამ მაჩვენებლის კალკულაციაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს. 

 

კომენტარები