მე-10 მოწვევის პარლამენტი

"მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება" – პაპუაშვილის ვიზიტი ბრიტანეთში

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის  და სხვა მიმართულებებით. ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება.

"საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩემს კოლეგასთან მქონდა საუბარი იმ ურთიერთობაზე, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აკავშირებს საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს. მიმდინარე წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელს.

1919 წელს გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც  საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. თემთა პალატის სპიკერთან ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, ასევე, იმ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო". – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

კომენტარები