თავდასხმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე

ლევან ზურაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბიშვილის გათავისუფლების/შეწყალების მოთხოვნით 20 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება.

"ლევან ზურაბაშვილმა საკუთარი პერფორმანსით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულისტკივილი და სათქმელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ლევანი მივატოვოთ და საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებში მოკალათებულ ფეოდალებს მისი 7 წლით ციხეში გამოკეტვის უფლება მივცეთ". – ნათქვამია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.

ლევან ზურაბიშვილი 2020 წლის 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა.

ზურაბიშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 15 ნოემბერს მიუსაჯა. 17 იანვარს ზურაბიშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 9 წლის ნაცვლად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდამსხმელს პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, პარლამენტის წევრებისგან ის აზარტული თამაშების აკრძალვას, საბანკო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვრის (7%) დაწესებასა და მედიკამენტების ღირებულების გაიაფებას მოითხოვდა.

კომენტარები