თავდასხმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე

სააპელაციომ ლევან ზურაბიშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი, ლევან ზურაბიშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 9 წლის ნაცვლად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ტაბულას სააპელაციოში უთხრეს, სასამართლომ გადაწყვეტილება 17 იანვარს მიიღო.

ზურაბიშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 15 ნოემბერს მიუსაჯა, რის შემდეგაც მან გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ლევან ზურაბიშვილი 2020 წლის 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა.

თავდამსხმელს პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, პარლამენტის წევრებისგან ის აზარტული თამაშების აკრძალვას, საბანკო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვრის (7%) დაწესებასა და მედიკამენტების ღირებულების გაიაფებას მოითხოვდა.

კომენტარები