თავდასხმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე

MBC-ზე თავდამსხმელის ადვოკატი: აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, სოციალურ აქტივობებში ჩაბმა სურს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოზე თავდასხმასა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ლევან ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ჭოჭინავა ამბობს, გადაწყვეტილება უკანონოა და მას გაასაჩივრებენ. 

"ეს იყო ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება რაც ბოლო პერიოდში მინახავს. ეს იყო უსამართლობის ზეიმი. ასეთი ადამიანი, უწესიერესი, ზრდილობიანი, მოწესრიგებული. მხოლოდ და მხოლოდ ორწუთიანი ინფორმაციის გავრცელება სურდა, ასეთი ადამიანი მოათავსეს საპატიმროში და ემუქრება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის სრული არასერიოზულობა". - ამბობს ადვოკატი. 

მისივე თქმით, ზურაბიშვილი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

"ის აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, უნდა ჩვეულებრივად საზოგადოებრივი თვალსაზრისით იყოს აქტიური, ჩაებას სოციალურ აქტივობებში. პოლიტიკისგან შორსაა, აპოლიტიკურია... უნდა, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს აზარტული თამაშები". - აღნიშნავს ადვოკატი. 

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში ერთი პირი შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თუმცა, ექსპერტიზის ცნობით, ბრალდებულს ხელში ნამდვილი ხელყუმბარა არ ჰქონია. 

კომენტარები