მე-10 მოწვევის პარლამენტი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებასაც მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას, შემდეგ ბადრი ჯაფარიძის  სადეპუტატო მანდატების უფლებამოსილების გაუქმება განიხილა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. 

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხი საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმის გამო დააყენეს, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

რაც შეეეხება შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას მანდატის გაუქმების გადაწყვეტილებას, საკითხის დაყენების მიზეზი კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ნაწილია, რომლია მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდება. კომიტეტის განმარტებით, ნათელაშვილი და ხოშტარია საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებია.

კომიტეტი გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას წარადგენს, სადაც საბოლოო გადაწყდება გაუქმდება თუ არა დეპუტატების მანდატები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  ოპოზიციურ პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები