კანადა

ოტავაში კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეთა აქციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 

კანადის დედაქალაქში, ოტავაში მერმა ჯიმ ვატსონმა Covid-19-ის რეგულაციების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სატვირთო მანქანის მძღოლები უკვე კვირაზე მეტია, ოტავაში აქციას მართავენ. დედაქალაქის ცენტრი სატვირთო მანქანებით და კარვებით არის პარალიზებული. დემონსტრანტები კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღდვებს და ვაქცინაციის მოთხოვნას აპროტესტებენ.

ჯიმ ვატსონის თქმით, დემონსტრანტების რაოდენობა პოლიციელებზე მეტია და საპროტესტო აქცია ქალაქის მცხოვრებლებისთვის საფრთხეს ქმნის. ქალაქის მერიის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აჩვენებს, რომ მიმდინარე დემონსტრაციები სერიოზულად საფრთხეს უქმნის მცხოვრებლების უსაფრთხოებას და საჭიროა, ცენტრალური ხელისუფლების რეაგირება და დედაქალაქის დამატებითი მხარდაჭერა.

პოლიციის თანახმად, აქციას უკიდურესად მემარჯვენე და ექსტრემისტი დემონსტრანტებიც შეუერთდნენ. ამჟამად დემონსტრაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე 60 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორისაა ქურდობა, საკუთრების დაზიანება, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და ჩამორთმეულია რამდენიმე მანქანა.

გასულ თვეს კანადაში ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში, რომლის ფარგლებშიც აშშ-კანადის საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის Covid-19-ზე აცრა სავალდებულო გახდა. რეგულაციას პროტესტი მოჰყვა და მისი გაუქმების თავდაპირველ მოთხოვნას, მთლიანად კოვიდშეზღუდვების გაუქმების მოთხოვნა დაემატა და პროტესტმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო.

კომენტარები