2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა

ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ ოლიპიადაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი ასპარეზობს

საბა ქუმარიტაშვილი

21 წლის სპორტსმენი, საბა ქუმარიტაშვილი პირველი ქართველი მოციგავეა, რომელიც ოლიმპიადაზე ასპარეზობს. საბა ქუმარიტაშვილი 2010 წელს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია. რომ არა ტრაგედია, ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე პირველი ქართველი მოციგავე იქნებოდა.

"ნოდარზე სულ ვფიქრობ. ჩემს ოჯახში ყველა ციგაობის სპორტშია. ნოდარის შემდეგ არ მინდოდა, რომ საქართველოში ციგაობა მომკვდარიყო, მინდოდა გაგრძელებულიყო." – თქვა საბა ქუმარიტაშვილმა.

5 იანვარს მეორე გარბენის შემდეგ საბა ქუმარიტაშვილი რეიტინგში 31-ე ადგილზეა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. რაც მჭირდებოდა, გავაკეთე. ძალიან ემოციური ვარ და ვნერვიულობ, მაგრამ საკუთარი თავით ვამაყობ." – თქვა საბა ქუმარიტაშვილმა.

გამოცემა BBC აღნიშნავს, რომ ტრაგედიის მიუხედავად ქუმარიტაშვილების ოჯახი სპორტში კვლავ ჩართულია. 

"ქუმარიტაშვილების მთელი ოჯახი ყოველთვის იყო და ახლაც აქტიურად არის ჩართული ციგაობის სპორტში. პირადად მე მათი ოჯახიდან არავისგან მომისმენია, რომ ამ სპორტში ყოფნა აღარ უნდათ. ვფიქრობ, ეს მრავლისმეტყველია." – უთხრა BBC-ს ქრისტოფ შვაიგერმა, ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIL) აღმასრულებელმა დირექტორმა.

2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

გამოძიების საბოლოო დასკვნით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. დასკვნაში ნათქვამია, რომ უისტლერის ტრასის არასაკმარისად ცოდნამ და გამოუცდელობამ განაპირობა ის უბედური შემთხვევა, რამაც ქართველი სპორტსმენის დაღუპვა გამოიწვია.

ტრაგედიის შემდეგ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის კრიტერიუმები გაამკაცრა.

კომენტარები