საბოლოო დასკვნა: უბედური შემთხვევა

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, 12 თებერვალს, უისტლერის საციგაო ცენტრის ტრასაზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.
მომხდარიდან 235 დღის შემდეგ, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვანკუვერის გამომძიებელმა ტომ პავლოვსკიმ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი უბედურ შემთხვევას ბრალდება.
პავლოვსკის დასკვნაში ნათქვამია: უისტლერის ტრასის არასაკმარისად ცოდნამ და გამოუცდელობამ განაპირობა ის უბედური შემთხვევა, რამაც ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა გამოიწვია.
საგამოძიებო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქუმარიტაშვილი 145 კმ/სთ სიჩქარით შეასკდა ტრასის ერთ-ერთ საყრდენ ბოძს და ადგილზე გარდაიცვალა.
პავლოვსკის დასკვნაში ჩართულია საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის იოზეფ ფენდტის წერილი, სადაც ის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ტრასის დამატებით შესწავლას სთხოვს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ტომ პავლოვსკის დასკვნას „წმინდა პოლიციური შინაარსის” დასკვნა უწოდა. ნაცვლიშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია, როცა კანადელი გამომძიებელი გამოუცდელს უწოდებს მსოფლიოში 40 საუკეთესოთა შორის მყოფ სპორტსმენს.
„პავლოვსკი ტრაგედიას პოლიციური კუთხით მიუდგა, არადა, ასევე საჭირო იყო მომხდარის სპორტული კუთხით შესწავლა”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.
ტრაგედიის შემდეგ ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ტრასის სიგრძე შეამცირეს, სტარტის ადგილი კი დაბლა გადაიტანეს.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიის თაობაზე დამატებით გამოძიება აღარ იგეგმება, თუმცა სპორტსმენის დედა, ქალბატონი დოდო ქუმარიტაშვილი სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ ოჯახი აუცილებლად გაასაჩივრებს ამ დასკვნას.
გია ნაცვლიშვილის განცხადებით, გერმანელი არქიტექტორები ორ კვირაში დაასრულებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის პროექტს, რომლის აგებაც უახლოეს მომავალში ბაკურიანში იგეგმება.

 

კომენტარები