დავით კირკიტაძის საქმე

უგულავა კირკიტაძის საქმეზე: მოსამართლეს დღეს აქვს შანსი სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს

გიგი უგულავა
ტაბულა

"მოსამართლეს დღეს აქვს შანსი სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს და ჯანსაღი აზრის ფარგლებში დაბრუნდეს. არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დარჩეს", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა.

მისივე შეფასებით, პროკურატურამ კირკიტაძეს "არაადეკვატური მუხლი" წარუდგინა, აღნიშნული კი სამართლებრივად სრული აბსურდია, -"მას წაყენებული აქვს მუხლი, რომელსაც ყაჩაღობის დროს, პისტოლეტს ან ავტომატს რომ ესვრის პოლიციელს ის მუხლი აქვს წაყენებული. ამიტომ არის პროკურატურა აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკური დასჯის მექანიზმი და ინსტრუმენტი.

ჩვენ თუ არ შევთანხმდით თამაშის წესებზე, რომ ყაჩაღს, ბანდიტს და პოლიტიკურ აქტივისტს ერთი და იგივე მუხლის წაყენება უბრალოდ შეუძლებელია, ამით მართლმსაჯულების დანგრევა ხდება. მაშინ ჩვენ წინ ვერ წავიწევით და მაშინ სამართლებრივი სივრციდან თუ გავედით ყველამ იმით უნდა დაიცვას თავი, რითაც შევძლებთ და მივიღებთ სრულ ქაოსს და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი", - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები