კორონავირუსი საქართველოში

"ჯანდაცვის სექტორში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა" – ომბუდსმენის ანგარიში

Claudio Furlan / LaPresse / AP

მომატებული შრომითი ტვირთი და ანაზღაურების პრობლემა, პრობლემები შრომის უსაფრთხოების საკითხზე, გაუარესებული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას და ჰიგიენის ნორმების არდაცვა -  სახალხო დამცველი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ომბუდსმენის ცნობით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პირობებში დამძიმდა. კვლევის მიხედვით, რესპონდენტების ამბობენ, რომ ხშირად პანდემიის გამოწვევებს მათი დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პირობები ვერ პასუხობდა. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექთნებს უწევდათ რამდენიმე მორიგეობის ერთმანეთზე მიყოლება, კანონით განსაზღვრული შუალედური პერიოდის გარეშე. 

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მაშინ, როდესაც ევროპაში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-დან 5-მდე ექთანი მოდის, საქართველოში ეს ციფრი 0.6-ს უტოლდება. ლომჯარიას შეფასებით, ეს სისტემური პრობლემაა, თუმცა, პანდემიის პირობებში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 

"აღსანიშნავია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ამას, დამსაქმებლების მხრიდან საჭიროების ადეკვატური რეაგირება და დასაქმებული პირებისთვის, ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება არ მოჰყოლია". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

სახალხო დამცველის ცნობით, კვლევამ გამოკვეთა: 

  • პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შეთხვევები;
  • ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას;
  • პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება;
  • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
  • კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ;
  • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე.  

შრომითი ტვირთი და ანაზღაურება 

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულმა იმ ქალმა რესპონდენტებმა, რომელთაც პირდაპირ ჰქონდათ შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღნიშნეს, რომ სამუშაო დატვირთვამ მოიმატა - რიგ შემთხვევებში, გაიზარდა მორიგეობების რაოდენობა. მაგალითად, პანდემიამდე, დაახლოებით 4-5 ან ზოგჯერ, 8 დღეში ერთხელ უწევდათ მორიგეობა, პანდემიის პირობებში კი, მორიგეობა უწევდათ ყოველ მეოთხე, ყოველ მეორე ან სულაც, გადაბმით, რამდენიმე დღის განმავლობაში. რიგ შემთხვევებში, მოიმატა მორიგეობის ხანგრძლივობამაც და იმ პაციენტების რაოდენობამ, რომლებზე ზრუნვაც ექიმებსა და ექთნებს ერთი მორიგეობის დროს უწევდათ.  

ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები 

ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული ექიმების ნაწილს ანაზრაურება პაციენტების ზრდასთან ერთად მოემატა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მიუხედავად ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებული დაპირებისა, დამსაქმებელმა პირობა არ შეასრულა და შრომითი ტვირთის გაზრდისა და, რიგ შემთხვევებში, თვისობრივად ახალი სამუშაო ვალდებულებების შეთავსების მიუხედავად, ანაზღაურება უცვლელი დარჩა

"ანაზღაურება იყო შეუსაბამო შრომასთან. დატვირთვა იყო უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში და ანაზღაურება არ იყო შესაბამისი. დედები, რომლებმაც შვილები დატოვეს, ელოდნენ ადეკვატურ ანაზღაურებას, მაგრამ ვერ მიიღეს.

ექთნების და სანიტრების უფლებები უხეშად დარღვეულია, ხორციელდება ჩვენი ექსპლუატაცია, თუმცა, რომ არ გაგვიშვან, ვხუჭავთ თვალს. [...]190 ლარი მაქვს ანაზღაურება და ორ კაცს ვარჩენ ამ თანხით". - ომბუდსმენის ცნობით, ამბობს კვლევის რესპონდენტი აჭარიდან. 

ასევე, სახალხო დამცველი სისტემურ პრობლემად აფასებს ანაზღაურების დროულად ჩარიცხვას - გამოკითხულები ამბობენ, რომ ხელფასი 2-3 თვის დაგვიანებით ერიცხებათ, თუმცა ეს პანდემიამდეც ასე იყო.  

შრომის უსაფრთხოება 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულმა პირებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის საშუალებების მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ მხოლოდ მცირე პერიოდით, პანდემიის დასაწყისში (2020 წლის გაზაფხულზე), როდესაც სისტემა ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ მომზადებული ამ მიმართულებით და მთელ ქვეყანაში შეიქმნა კრიზისი თავდაცვის საშუალებების მომარაგების კუთხით. ასევე, ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ 2020 წლის ივლისის ჩათვლით, დაწესებულებაში პრობლემა იყო თავდაცვის საშუალებებით მომარაგება და ამ პერიოდში, 24 საათში მხოლოდ 3 პირბადის გამოყენების შესაძლებლობას აძლევდნენ. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, რომელიც მაღალმთიან ტერიტორიულ ერთეულშია დასაქმებული, ნოემბერში, დაწესებულებას, მთელი თვის განმავლობაში არ მიუღია კომბინიზონები. 

ანგარიშის მიხედვით, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ იყო პერიოდი, როდესაც პირბადეებით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 25 პაციენტთან მუშაობის პირობებში, 24 საათში მხოლოდ 2 პირბადის მოხმარება შეეძლოთ - რესპონდენტი საკუთარ დაინფიცირებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსზე ტესტირების პრობლემა გამოიკვეთა მაღალმთიან ტერიტორიულ ერთეულებში. ამ ლოკაციებზე მომუშავე რესპონდენტების (ოჯახის ექიმების) მიერ ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირება არ იყო მისაწვდომი მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილას და მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო (რაც შეზღუდვებმა განაპირობა), ტესტირების გასავლელად კერძო ტრანსპორტის დაქირავება უწევდათ, რაც მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან (70-150 ლარი) იყო დაკავშირებული. 

"ტესტირება ზოგადად ორკვირიანი ინტერვალებით ტარდება სამედიცინო პერსონალისთვის, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო [...] გადაადგილებისთვის მანქანას ვქირაობ, რაც 150 ლარი მიჯდება ერთ ჯერზე. ფაქტიურად, ჩემი ერთი თვის ხელფასი ორ 16 ტესტირებაზე მგზავრობის ხარჯი გამოდის. ხშირად ვერც ვახერხებ და სწორედ ამ კვირაში გამიცდა გამოკვლევა". - ამბობს კვლევის რესპონდენტი სვანეთიდან. 

კვლევამ სხვა ხარვეზებიც გამოავლინა - ერთ-ერთი რესპონდენტის (გადაუდებელი სამსახურის მედდა) თქმით, სამსახურში ტესტირება მისი "ყვირილის" შედეგია. მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბრძოლა მოუწია იმისთვის, რომ მისი სიმპტომებიანი თანამშრომლებისთვის ტესტირება ჩაეტარებინათ და ამ ტესტირებას ინფიცირებულები გამოუვლენია

პანდემიის გავლენა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე 

კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიუთითა პანდემიის უარყოფით გავლენაზე მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. რესპონდენტები საუბრობდნენ მომატებულ სტრესზე, რაც ჯერ კიდევ უცხო ვირუსით დაინფიცირების შიშით იყო გამოწვეული, ასევე ახსენებდნენ, დაინფიცირების შემთხვევაში, სხვა პირების დაინფიცირების შიშით გამოწვეულ სტრესსაც. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები რაიმე ნიშნით (ასაკობრივი ან სხვა) რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. რესპონდენტები ასევე უთითებდნენ მომატებულ შფოთვებზე, გადაღლილობაზე, უძილობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე, ჩაკეტილობაზე. 

სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას და რეპროდუქტიული ჯანმრთელობა 

სახალხო დამცველის ცნობით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების დაბალი ინფორმირებულობის ხარისხი ზოგადად, სექსუალური შევიწროების რაობის და მასზე რეაგირების მექანიზმების მიმართ. რესპონდენტების ის მცირე ნაწილი, რომლებიც ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადასტურებდნენ და რომლებიც მეტ ინფორმაციას ფლობდნენ ზოგადად სექსუალური შევიწროების რაობის შესახებ, აღნიშნავდნენ, რომ სექსუალური შევიწროება ჯანდაცვის სექტორში სისტემური პრობლემაა და არ არსებობს ამ სექტორში დასაქმებული ქალი, რომელიც სულ მცირე, სექსუალური ხასიათის (უხამსი) კომენტარის სამიზნე არ გამხდარა კოლეგა ან/და უფროსი კაცების მხრიდან. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი არ არის ინფორმირებული სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების არსებული მექანიზმების შესახებ. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ დამსაქმებელს მათთან არასდროს უსაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის იურისტს მიაკითხავენ. 

რაც შეეხება რეპროდუქტიულ ჯანმრთელობას, კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები არ არის დასაქმებულების საჭიროებების შესაბამისად აღჭურვილი, მაგალითად, ექიმებს და ექთნებს სამუშაოს შესრულების ადგილას არ აქვთ დასაბანი სივრცეები და მოსასვენებელი ადგილები, რაც მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების სათანადოდ დასაცავად, ასევე, მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. რადგანაც ექიმებისა და ექთნების დიდი ნაწილი ქალია და ჰიგიენის სათანადო დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მენსტრუაციის დღეებში, ინფრასტრუქტურის შესაბამისი გამართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება პანდემიის პირობებში. 

ომბუდსმენის ცნობით, რესპონდენტები საშხაპეებისა და შესაბამისი მოსასვენებელი ოთახების არ არსებობაზე ან გაუმართაობაზე საუბრობდნენ. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული სამედიცინო თავდაცვის აღჭურვილობის ფონზე (რომელიც ჰაერს არ ატარებს), მენსტრუაციის დღეებში მუშაობა განსაკუთრებით რთული და დისკომფორტის მომგვრელია, ამიტომაც, ისინი მორიგეობებს კოლეგებთან ცვლიან (მათი თქმით, ეს თავად თანამშრომლებს შორის შეთანხმების საფუძველზე წყდება და მენეჯმენტთან პრობლემა არ შექმნიათ) 

პანდემიის გავლენა სოციალურ ცხოვრებაზე 

"საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის საწყის ეტაპზე, საზოგადოებაში ვირუსთან, მათ შორის, მისგან დაცვის გზებთან დაკავშირებული ინფორმირებულობა დაბალი იყო, რის გამოც, საზოგადოებაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირების მიმართ გარკვეული შიში გაჩნდა, რომელსაც, კვლევის თანახმად, რიგ შემთხვევებში დისკრიმინაციული/მამარგინალიზებელი გამოხატვა ჰქონდა. 

კვლევის რესპონდენტების დიდი ნაწილის ინფორმაციით, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც თავი დისკრიმინირებულად, საზოგადოებისგან გარიყულად უგრძნიათ მარტო იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სექტორში მუშაობენ. მათი თქმით, საზოგადოების ნაწილმა ისინი დაინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ პირებად აღიქვა". - წერია ანგარიშში. 

ასევე, სახალხო დამცველის ცნობით, რეგიონებში მცხოვრები რესპონდენტების თანახმად, საზოგადოების ამგვარმა მიდგომამ მათ სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში (ხშირად, მეზობელ სოფელში) ტრანსპორტირების საკითხი გაურთულა იმ პერიოდებში, როდესაც დამსაქმებელი ტრანსპორტით არ უზრუნველყოფდა. მათი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ადრე ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ და ხშირად, ტაქსის მძღოლებიც, ახლა უკვე მათ ტრანსპორტირებაზე უარს აცხადებდნენ, ვირუსის გადადების რისკის გამო

"რესპონდენტების თანახმად, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც მათ ან მათ კოლეგას საჯარო ტრანსპორტის მგზავრებმა ტრანსპორტიდან ჩასვლა სთხოვეს, როდესაც გაიგეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ. ადგილი ჰქონდა უკმაყოფილების გამოხატვას მეზობლების მხრიდან, როდესაც ისინი პროდუქტის შესაძენად უბნის მაღაზიაში შედიოდნენ. მათი თქმით, ხშირად ურეკავდნენ ახლობლები და სთხოვდნენ, თავი შეეკავებინათ ამა თუ იმ სოციალურ შეკრებაზე მისვლისგან. 

იმ რესპონდენტების თქმით, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დასაქმების ადგილას თავს გრძნობდნენ არაკოლეგიალური მოპყრობის სამიზნეებად. მათი თქმით, კოლეგები, რომლებიც უშუალოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან არ მუშაობდნენ, სამუშაო ადგილზე საერთო სივრცეებით სარგებლობის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ომბუდსმენის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეში, ძალადობის მომეტებული რისკის ქვეშ არიან.  

რეკომენდაციები 

სახალხო დამცველი სამედიცინო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს: 

  • უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ინფორმირების ამაღლება სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. 
  • სამედიცინო დაწესებულებაში ამგვარი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის პირობებში, შემუშავდეს იგი და დასაქმებულ პირებს მიეწოდოთ მის შესახებ ინფორმაცია. 
  • უზრუნველყოფილ იქნას კონფიდენციალური შეტყობინების განთავსების შესაძლებლობა სექსუალური შევიწროების ფაქტებისთვის
  • უზრუნველყოფილ იქნას ფსიქოლოგის სერვისზე წვდომა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის
  • ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უშუალოდ მომუშავე ქალები, ოჯახსა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებში სამიზნე ჯგუფად განისაზღვრონ
  • გატარდეს ცნობიერების/ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებები მოსახლეობაში კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის შესამცირებლად
  • სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოთხოვნებში გაიწეროს საშხაპეებისა და მოსასვენებელი ოთახების გამართვის საკითხი
  • განისაზღვროს ერთი ექთნისა და ერთი ექიმის ზრუნვის ქვეშ ერთდროულად მყოფი პაციენტების მაქსიმალური ოდენობა ყველა სამედიცინო განყოფილებისთვის ცალცალკე

კომენტარები