ანაკლიის პორტი

დეგნანი: ანაკლია მოვინახულე, გული მეტკინა, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებში გაეხვა, ამან ხელი შეუშალა საქართველოს მეტი შეეთავაზებინა რეგიონისთვის. დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) კონფერენციაზე Sharks, Herrings and Mermaids of the Black Sea ისაუბრა.

"ფოთის შემდეგ ანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი, გული მეტიკნა. პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონი ხდება უფრო ღია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა რეგიონისთვის შექმნა შესაძლებლობა ერთობლივი მუშაობის. ვხედავთ, რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორც, იმედია, ფოთთან და ბათუმთან ერთად, ერთ დღეს ანაკლია იქნება. საქართველოს მართლაც ექნებოდა შესაძლებლობა ბევრი შეეთავაზებინა [რეგიონისთვის]. ახლა საქართველოს გეგმები მხოლოდ ქაღალდზე აქვს. თუ ინვესტორები შემოვლენ საქართველოში, მათ უნდა დაინახონ, რომ ხელისუფლება 100%-ით უჭერს მხარს ამ პროექტს." – თქვა დეგნანმა.

ელჩის თქმით, იმისთვის რომ საქართველო იყოს აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბი, სტრატეგიული გეგმები და ინვესტორების მოზიდვაა საჭირო.

"სამწუხაროდ იმიტომ რომ ანაკლია გაეხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებში, საქართველო ჩამორჩა იმაში, თუ რა შეუძლია შესთავაზოს რეგიონულ ქსელს." – თქვა დეგნანმა.


2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო. 

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მთავრობის მიზანი პროექტის გაჩერება იყო.

კომენტარები