დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის წარმომადგენელი გაეროში: კრემლს უნდა ახსოვდეს, რომ თავის დასაცავად მზად ვართ

31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-უკრაინის საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე მოწვეული იყო უკრაინაც, რომელიც საბჭოს წევრი არაა. უკრაინის წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ მოუწოდა რუსეთს დაიცვას ქვეყნის სუვერენული უფლება, თავად აირჩიოს მოკავშირე ქვეყნები.

"უკრაინა თავს არ დაუხრის იმ საფრთხეებს, რომელიც მისი დასუსტებისკენ, ეკონომიკური და ფინანსური არასტაბილურობისკენ და საზოგადოების იმედგაცრუებისკენაა მიმართული. ეს არ მოხდება. კრემლს უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინა მზდაა, დაიცვას საკუთარი თავი". - თქვა სერგეი კისლიცამ.

სხდომაზე განხილვის დიდი ნაწილი გაეროში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათს დაეთმო. 

აშშ წარმომადგენლმა, თომას-გრინფილდმა რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ჯარების უპრეცენდენტო მობილიზებაში დაადანაშაულა, რასაც უარყოფს გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვასილი ნებენზია და ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, აშშ-ს კი მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს. აშშ-ს განცხადებებს ნებენზია რუსეთის შიდა საქმეებში მიუღებელ ჩარევას უწოდებს.

"ისინი თავიანთი პროვოკაციული რიტორიკით თავადვე უწყობენ ხელს სიტუაციის ესკალაციას. დისკუსია ომის საშიშროებაზე არის თავისთავად პროვოკაციული. თქვენ ეს გსურთ, თქვენ ელოდებით რომ ეს მოხდეს". - ამბობს ნებენზია.

თომას გრინფილდის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შედეგები საშინელი იქნება.

"თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ეს აქამდე არ გვინახავს და ამის შედეგები იქნება საშინელი". - თქვა თომას-გრინფილდმა.

რუსეთი და ჩინეთი თავდაპირველად საჯარო განხილვას ეწინააღმდეგებოდნენ და ცდილობდნენ, დისკუსია დახურულ კარს მიღმა გაემართათ, თუმცა წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები