დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: თუ არ ვართ NATO-ში, საკუთარ თავს თავად დავიცავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საკითხზე მეტი კონკრეტიკა სჭირდება. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია უნდა განვითარდეს, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ქვეყნის ალიანსში გაერთიანება.

"როდესაც ვსაუბრობთ NATO-ზე, უფრო სიღრმისეულად უნდა ვიმსჯელოთ. ვიცი, რომ ეს კითხვა [ალიანსში გაწევრიანების შესახებ] ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ კონკრეტიკა გვსურს. ჩვენ რაღაცის იმედი უნდა გვქონეს, NATO – უსაფრთხოების გარანტიაა, ეს არის პირველი კითხვა. მეორე კი კითხვა კი ჩვენი არმიის შესაძლებლობებს ეხება.

მიუხედავად იმისა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში, ან საერთოდ ვიქნებით თუ არა, სამწუხაროდ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ არმიის განვითარებაზე. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ თავის დაცვა. ჩვენ ეს უკვე კარგად გვესმის – თუ არ ვართ NATO-ში, საკუთარი თავი თავად უნდა დავიცვათ. და როდესაც თავს იცავ, ერთი ერთზე ხარ ასეთ სახელმწიფოსთან, გიჩნდება კითხვა: რას ნიშნავს "სანქციები შემდეგ", ვისკენ არის ეს მიმართული, რისთვის არის? ეხება ეს უკრაინას? მაპატიეთ, მაგრამ სამწუხაროდ არა. მე არ ვიცი რა იქნება შემდეგ. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, მაშინ რაში გვჭირდება სანქციები "მოგვიანებით"? შესაბამისად, სანქციებზე საუბარი ჩვენ სახელმწიფოს ნამდვილად არ ეხება. ეს მიუთითებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე, მაგრამ არ შეიძლება ამის გაკეთება ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე. ჩვენ 15 000 დაღუპული გვყავს, ზოგიერთი ქვეყანა კი სანქციების "მოგვიანებით" დაწესებაზე მსჯელობს". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის აზრით, ზემოხსენებული სიტუაცია სამართლიანი არ არის. მისი თქმით, ალიანსმა ღიად უნდა დააფიქსიროს, აქვს თუ არა უკრაინას NATO-ში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. 

"მითხარით მიზეზები, თუკი არსებობს. ჩვენ არ ვართ NATO-ში. თქვით, რომ არ ვართ NATO-ში. ღიად თქვით, რომ ჩვენ იქ არასდროს ვიქნებით. ეს ალიანსის ბევრი წევრისთვის ნათელია. ზოგიერთი ამაზე საუბროს, ზოგს კი ეშინია. ზოგიერთი ამბობს: "იცით, რომ არა ეს სახელმწიფო [რუსეთი], ჩვენ აუცილებლად მხარს დაგიჭერდით". სხვები კი ამბობენ: "როდესაც ყველა მხარს უჭერს, ჩვენც მხარ ვუჭერთ". რატომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, როდესაც რისკები აწმყოში გვაქვს". - თქვა ზელენსკიმ.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები