დროა

დროას ინიციატივით, მოქალაქეებმა პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი

კადრი ვიდეოდან/მთავარი

პარტია დროასა და სამოქალაქო ატივისტების ინიციატივით, მოქალაქეებმა და ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი. 

"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე". - ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში. 

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პეტიციის შექმნის იდეა თავდაპირველად აქტივისტებს გაუჩნდათ, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 

"გვესმის, რომ ეს საფრთხე ჩვენც გვემუქრება და ამ დროს შენი მთავრობა არ წარმოგადგენს და არ ამბობს, რომ რუსეთი არის დღეს უკრაინის, ჩვენი და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების პრობლემა. მით უმეტეს, მთელი მსოფლიო არის მობილიზებული, რომ დაიცვან ჩვენნაირი ქვეყნები და ამ დროს მთავრობის დუმილი არის ისტორიული სირცხვილი და პრაგმატულად არდაცვა ჩვენი ინტერესების. 

ამ ფონზე ძალიან ბუნებრივად გაჩნდა აქტივისტებში იდეა, რომ მოქალაქეებს მოეწერათ ხელი და ამის ორგანიზება გავაკეთეთ ჩვენ, სხვადასხვა პარტიებმა და მოქალაქეებმა. აქ არ უნდა იყოს გამყოფი, ვინ უერთდება და ვინ არა, ვინც არ [უერთდება] თავისას გააკეთებს, ეგ არ არის პრობლემა. ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი, რომ ყველას, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე გამოვხატოთ აქტიურობა ამ პროცესში". - ამბობს ელენე ხოშტარია მთავართან ინტერვიუში. 


საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ თავად მოამზადა რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი არცერთხელაა ნახსენები. როგორც მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია". 

კომენტარები