დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: რუსეთი შესაძლოა უკრაინაში მომდევნო თვეს შეიჭრას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მოსალოდნელია, რუსეთი უკრაინაში მომდევნო თვეს შეიჭრას - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მოსალოდნელია, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას".-  თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონი საუბარი 27 იანვარს შედგა. ბაიდენმა თებერვალში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ზელენსკისთან ერთად ისაუბრა. 

საუბრისას ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მზაობა  მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მკაცრად უპასუხოს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. 

ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს დეესკალაციისთვის საჭირო ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა და შეთანხმდნენ სამომავლო მოქმედებებზე. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი 28 იანვარს შედგება, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პირდაპირ გაესაუბრება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები