აშშ-რუსეთი

ლავროვი: NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაზე აშშ-ს პასუხში დადებითი რეაქცია არ არის

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებზე აშშ-ს მიერ წერილობით გაცემულ პასუხში არ არის დადებითი რეაქცია NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების შესახებ. 

"ამ დოკუმენტში არ არის დადებითი რეაქცია მთავარ საკითხზე. მთავარი საკითხი გახლავთ ჩვენი მკაფიო პოზიცია მომავალში NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისთვის შესაძლო საფრთხის შემქმნელი საიერიშო შეიარაღების განთავსების დაუშვებლობაზე", – თქვა სერგეი ლავროვმა. 

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.

აშშ-ს პასუხთან დაკავშირებით, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, "ოპტიპიზმის საფუძველი არც თუ ისე დიდია". 

რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-მ წერილობითი პასუხი მოსკოვს 26 იანვარს გასცა. როგორც დოკუმენტის გადაცემის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.

რუსეთის მიერ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებისა და 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდა გადაწყვიტა.


2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები