დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, რუსეთისთვის მიწერილ წინადადებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განთავსებულნი.

"რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს სამხედრო იძულებითი მუქარებისაგან, აგრესიული რიტორიკისგან და მავნე ქმედებებისაგან, რომლებიც მიმართულია მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განთავსებულნი". - თქვა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სტრუქტურა.

"მზად ვართ მოვისმინოთ რუსეთის წუხილები და დავკავდეთ რეალური საუბრით იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ და გავაძლიეროთ, ევროპული უსაფრთხოების ის პრინცეპები, რომლებსაც ყველა შევუერთდით, დაწყებული ჰელსინკის შეთანხმების საბოლოო აქტით, რომელიც, მათ შორის გულისხმობს, ყველა ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სტრუქტურა". - თქვა სტოლტენბერგმა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები