დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფინეთი: თავდაცვის ძალების მზადყოფნა გაძლიერებულია, რეგიონში არასტაბილური სიტუაციის გამო

ფინელი სამხედრო
Getty Images

ფინეთმა, რომელიც არაა NATO-ს წევრი და ესაზღვრება რუსეთს, საკუთარი სამხედრო მზადყოფნა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის თავმოყრისას და მზარდი დაძაბულობის გამო გააძლიერა

"[ფინეთის თავდაცვის ძალების] მზადყოფნა გაძლიერებულია იმ ფაქტის გამო, რომ ახლო არეალში სიტუაცია უფრო არასტაბილური გახდა", – ამბობს პოლკოვნიკი პეტერი კაიანმაა ბალტიის რეგიონზე. 

"მათ (რუსებმს) საკუთარი მიზნები ცხადად გამოხატეს, მაგრამ არ ვიცით რა ქმედებებისთვის არიან მზად", – თქვა ფინელმა პოლკოვნიკმა, რომელიც ფინეთის თავდაცვის ძალების სახელით საუბრობდა.

კაიანმაამ არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად რა ქმედებებს აპირებს ფინეთი მზადყოფნის გასაძლიერებლად, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგადად, ამ ტერმინით იგულისხმება ხოლმე დაზვერვისგან მეტი ინფორმაციის მიღება, სახელმწიფო ბრიფინგების უფრო ხშირად ჩატარება და სამხედრო ტექნიკის, როგორიცაა თვითმფრინავები და გემები, ახალ ლოკაციებზე გადატანა. 

"ასე უფრო ეფექტიანი კონტროლი შეგვეძლება და ქმედებისთვის უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება", – თქვა კაიანმაამ.

კაიანმაამ აღნიშნა, რომ ფინეთის სამხედროები ცხადად აცხადებენ თუ სად ატარებენ წვრთნებს და არაფერს მალავენ.

ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 იანვარს გამოაცხადეს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, აპირებენ ჩაატარონ სამხედრო წვრთნები დედაქალაქ ჰელსინკიში, ასევე მის შემოგარენში.

"ფინეთი რაიმე სამხედრო საფრთხის სამიზნე არაა, მაგრამ თავდაცვის ძალები მაინც უნდა იყოს მზად ნებისმიერი პოტენციური ქმედებისთვის", – ამბობს კაიანმაა. 

"რაც უფრო მეტი სამხედრო ქმედებაა, თუნდაც უდანაშაულო მოძრაობა იყოს, უფრო მაღალია საფრთხე, რომ რამე მოხდეს, ვიღაცას გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდეს ან არასწორად გაიგოს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", – აღნიშნა ფინელმა პოლკოვნიკმა.

ფინეთის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურში ამბობენ, რომ ფინეთის ბოლო ხანებში უცხოური დაზვერვის სამიზნე გახდა. 

"ერთ-ერთი თემა, რაც ინტერესის ზრდის საგანია, არის ფინეთის ურთიერთობა NATO-ს სამხედრო ალიანსთან", – ამბობს Reuters-თან ფინეთის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოადგილე, ტეემუ ტურუნენი რუსეთის დაზვერვის ინტერესებზე. 

ფინეთი NATO-ს პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა, როგორც ქვეყნის ლიდერებმა გასულ კვირებში აღნიშნეს, ალიანსში გაწერვიანებაზე სურვილის გამოთქმის შესაძლებლობას ჯერ ახლო მომავალში ვერ ხედავენ. თუმცა, ფინეთი ხაზს უსვამს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევერიანის საკითხი მხოლოდ მათი გადასაწყვეტი იქნება.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები