დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კადიროვი: პუტინის ადგილზე, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას, ჯარს გავგზავნიდი

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტის ადგილზე რომ იყოს, უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა და ჯარს გაგზავნიდა.

ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალური ქსელი Instagram-ის პირდაპირ ეთერში ჩეჩნეთის პარლამენტის წარმომადგენელთან, მაჰომედ დაუდოვთან ილაპარაკა. 

კადიროვმა უკრაინას ახალგამოგონილი ქვეყანა უწოდა.

"აი ახლა გამოიგონეს უკრაინა. და რა? რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინასა და ამერიკას შორის 9 ათასი კილომეტრის მანძილზეა? ამერიკა უკრაინის ინტერესებს იცავს, ყველაზე ახლო მეზობელი უკრაინისთვის კი რუსეთია, ესენი სლავური ერებია", – ამბობს კადიროვი.

კადიროვის თქმით, "აშშ-ს უკრაინისთვის არაფერი კარგი არ უნდა" და მათ მხოდლოდ "ბაზების განთავსება სურთ".

"თუ უკრაინაში ხალხი ცხოვრობს, ისინი ამას უნდა შეეწინააღმდეგონ. თუ უკრაინა არა, მაშინ რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები. აი, მე რომ პრეზიდენტის ადგილზე ვყოფილიყავი, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი, გავგზავნიდი იქ სამხედროებს, წესრიგს დავამყარებდი. თუ შეშლილი, გაყიდული ხალხი დგას სახელმწიფოს სათავეში და ამ სახელმწიფოსგან ჩვენს სახელმწიფოს საფრთხე ექმნება, რა, უნდა გავჩუმდეთ?", – ამბობს კადიროვი. 

მსგავსი შინაარსის სიტყვები კადიროვმა გასული წლის დეკემბერშიც თქვა.

"უკრაინული პრობლემური საკითხი ეს პრეზიდენტის დონეც კი არ არის, ჩემი დონეა. ჩემთვის რომ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გადავჭრიდი. ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას მივუერთებდი ან დიდი ხნის წინ უკრაინაშივე გადავჭრიდი. თუმცა მაინც არსებობს სახელმწიფო სახელმწიფოებრივი ნორმატიულ-სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც არ გაძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩემი აზრით, თუ ბატონი ზელენსკი და მისი გუნდი ასე გააგრძელებენ მოქცევას, უკრაინა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ხნის წინ უნდა შემოგვეერთებინა", – ამბობდა კადიროვი 2021 წლის დეკემბერში.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები