კორუფცია

TI: საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა

საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს კორუფციის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა, განახლებული მონაცემებით 55 ქულაა. რეიტინგში შემავალი 180 ქვეყნიდან საქართველო 45-ე ადგილზეა, აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. 

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, 0 ქულა კი ყველაზე მაღალ დონეს მიანიშნებს. სიის სათავეში მყოფი 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შედეგი 2012 წლის შემდეგ დიდად არ გაუმჯობესებულა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ეს მიანიშნებს  საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს. 

"სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი". ავრცელებს განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. 

ორგანიზაციის განმარტებით, ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა, მაგრამ ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. მთავარ პრობლემად არაფორმალური მმართველობა სახელდება. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარველოს მიხედვით, ქვეყნის კორფუციისთვის მთავარი გამოწვევებია:

  • არაფორმალური მმართველობა – პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად წასვლის მიუხედავად, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები დღემდე სწორედ მის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს უკავიათ. 
  • ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში.
  • გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება – სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება. 
  • პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში.
  • მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ასეთ სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირება, როგორც წესი, არაეფექტურია. საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციის ფაქტები ხშირად გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
  • შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა – მთელი რიგი ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია (ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი) ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს (ინტერესთა შეუთავსებლობანეპოტიზმი, მხილება და მამხილებელთა დაცვამბრუნავი კარი).

კომენტარები