ეკონომიკა

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – ფასები უბნების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ფასები 8.5%-ითაა გაზრდილი.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ბინების ფასები 7.3%-ით, კერძო სახლების კი 11.7%-ით გაიზარდა. 

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად კი უძრავი ქონების შეძენა ისანში, გლდანსა და სამგორშია შესაძლებელი. 

საშუალოდ, 1მ2 ახალი საცხოვრებელი ბინის ღირებულება მთაწმინდაზე 3 930 ლარს ($1 276) შეადგენს, ხოლო სამგორში – 2 370 ლარს ($769).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ფასები ბაზარზე, ძირითადად, დოლარში დგინდება, ხოლო ფასების ინდექსი ლარში გამოითვლება.

ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების ფასები დოლარში:

  • მთაწმინდა - $1 276
  • ვაკე - $1 149
  • საბურთალო - $1 026
  • ჩუღურეთი - $988
  • კრწანისი - $970
  • დიდუბე - $925
  • ნაძალადევი - $883
  • ისანი - $824
  • გლდანი -$811
  • სამგორი - $769

უძრავი ქონების გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამშენებლო ხარჯების 14.1%-ით ზრდა და სამშენებლო მასალების თითქმის 20%-ით გაძვირებაა, რაც, თავის მხრივ, ვალუტის კურსის მერყეობითა და ქვეყანაში არსებული მაღალი, 13.9%-იანი ინფლაციის დონითაა გამოწვეული. 

კომენტარები