დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

საჭიროა, ვუპასუხოთ ცინიზმს – ევროპელები რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქციას გამართავენ

ევროპული საქართველო

"საჭიროა, ვუპასუხოთ ცინიზმს". - ევროპული საქართველოს წევრები და მხარდამჭერები 26 იანვარს, 22:00 საათზე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

"თქვენ არასდროს იქნებით მარტონი". - ამ სიტყვებით მოგვმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირიდან 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა და ვიქტორ იუშჩენკო, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ომის დროს თბილისში ჩამოვიდა.

პრეზიდენტ იუშჩენკოს სიტყვები არა მხოლოდ თანადგომას გამოხატავს, არამედ რეალობასაც ასახავს - ჩვენ, არათუ არ, არამედ ვერ ვიქნებით მარტონი რუსეთის აგრესიის პირისპირ, რადგან რუსეთის ამოცანა არასდროს ყოფილა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება. რუსეთის მმართველი საბჭოთა კავშირის დანგრევას რუსი ხალხის ტრაგედიად და მეოცე საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს, ამიტომ ისტორიის რევიზიას ცდილობს და ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის სუვერენიტეტს ანადგურებს, ან ვასალი რეჟიმების მეშვეობით, ანაც ღია სამხედრო ინტერვენციით და ამ გზით, ცივი ომის დროინდელი გავლენისკენ მიისწრაფვის.

დღეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე უკრაინაა და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საფრთხე, ჩვენი საფრთხეცაა.

სამწუხაროდ, კრემლის დიდ წარმატებად უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ დროს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც, უკრაინელი ხალხის თანადგომის და თანაზომადი ძალისხმევის ნაცვლად, ან სამარცხვინოდ დუმს, ან უღიმღამო “ტვიტებით” შემოიფარგლება.

ეროვნული ღირსების შემლახავი დუმილის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოთქმული იმედი, რომ საქართველომ ჭკუა ისწავლა და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს, რაც ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, თითქოს ქართველებმა თავისუფლებაზე, თავისუფალი სამყაროს წევრობაზე ავიღეთ ხელი.

ამ განცხადებას საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი დუმილით შეხვდა. არ უნდა შეგვეშალოს და ვიფიქროთ, რომ დუმილის პოლიტიკა პრაგმატულია და გადაგვარჩენს. პირიქით, ჩვენი დამუნჯება მხოლოდ რუსეთს ეხმარება, ჩვენი სუვერენიტეტის უჩუმრად და უმტკივნეულოდ განადგურებაში.

სამწუხაროდ, ვერც ევროპული საქართველო და ვერც სხვა ოპოზიციური პარტია ვერ შეამცირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მოყენებულ ზიანს, მანამ, სანამ ამ რეჟიმს არ დავამარცხებთ.

მაგრამ იქამდე საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენი, ევროპული საქართველოს პასუხი გავცეთ რუსეთის ხელისუფლების ცინიზმს. ამიტომ ოთხშაბათს, 26 იანვარს, 22:00 საათზე, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან გავმართავთ ღონისძიებას და თანამოაზრეებს, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.

Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან   

21 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დაბალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს. წერილს საქართველოს საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები